„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ, მთავრობას, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის 19 მარტის განცხადება შეახსენა, რაც 9 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის დაზღვევას გულისხმობდა. თუმცა, ცხრავე პროდუქტზე ფასები საგრძნობლად არის მომატებული. დავით კირკიტაძემ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ასე უკიდურესად უჭირს, ნუ გასცემენ ტყუილ დაპირებებს და რეალური ნაბიჯები გადადგან გაზრდილი ფასების შესამცირებლად.
„საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის პირით გამოგვიცხადა რომ იმ 9 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს, საქართველოს ხელისუფლება დააზღვევდა და საქართველოს მოსახლეობას, რომელიც უაღრესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი არ გაუძვირდებოდათ. თუმცა ჩვენ შევედით მაღაზიაში, შევიძინეთ 9 პროდუქტი და 9-ვე პროდუქტზე ფასები არის გაძვირებული. მაგალითად, შაქარი, რომელიც პანდემიის დაწყებამდე ღირდა 1.50 თეთრი კილოგრამი ღირს 2.50 თეთრი. წიწიბურა, რომელიც ღირდა 5 ლარი დღეს ღირს 6 ლარი, ასეთივე მდგომარეობაა ფქვილზე, ზეთზე და სხვა პროდუქტებზე. მივმართავ საქართველოს მთავრობას, როგორც ჩანს კანცელარიის 10-ე სართულიდან არ ჩანს ის რეალური გაჭირვება რა მდგომარეობაშიც არის დღეს ჩვენი ხალხი, აბსოლუტურად ყველაფერზე ფასებია გაძვირებული“,-განაცხადა დავით კირკიტაძემ.