logo
ENG



კირკიტაძე ოქრიაშვილზე: მრავალი კრიტიკოსი შემოგვიერთდა, რადგან არ მოვდივართ რევანშისთვის

24 სექ 202013:52
3 წუთის საკითხავი
clock 505
sp59naz1wgztkro.jpg

"ფორმულაში" სტუმრობისას, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ როგორ გაიგებენ პარტიის ამომრჩევლები ქართულ ოცნებაში გადასული კახა ოქრიაშვილის საერთო პოლიტიკურ პლატფორმაზე დაბრუნებას, ნაციონალური მოძრაობის რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძე პასუხობს, რომ წარსულ კრიტიკოსებთან პარტიის თანამშრომლობა იმის ნიშანია, რომ პარტია რევანშისა და შურისძიებისთვის არ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. 

"ჩვენს ბლოკში არის არა მხოლოდ პროგრესი და თავისუფლება არამედ ჩვენი ყველაზე მეტად მაკრიტიკებელი ადამიანები 2012 და 2016 წლებში და ჩვენ ამით ვაჩვენეთ, რომ არ მოვდივართ რევანშისთვის და შურისძიებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი დაიძრა ჩვენკენ, ისევე როგორც ჩვენი მაშინდელი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ისეთები როგორებიც იყვნენ რესპუბლიკური პარტია, გუბაზ სანიკიძე, თუ სხვა პოლიტიკური აქტორები. ისინი იქნებიან ჩვენს სიაში. ჩვენ გვინდა, რომ ერთიანი ფრონტით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და ერთმანეთთან დაყოფის წერტილებს არ ვეძებთ, ჩვენ ვეძებთ შეხების წერტილებს ერთმანეთთან", - ამბობს დავით კირკიტაძე. 

კახა ოქრიაშვილი პარტია პროგრესი და თავისუფლების დამფუძნებელი და სიის პირველი ნომერია, რომელიც საარჩევნო ბლოკ ძალა ერთობაშიას ოფიციალურად მიმდინარე წლის 4 სექტემბერს შეუერთდა. იგი ბლოკის სახელით ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. 

4 მოწვევის პარლამენტის წევრი 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

2016 წელს ოქრიაშვილი ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი გახდა. მან, რამდენიმე თანაპარტიელთან ერთად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რის გამოც, თავდაპირველი კანონპროექტი ჩავარდა. 


close დახურვა