logo
ENG



კირცხალია: შემაშფოთებელია ის, რომ შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი

03 თებ 202615:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/03/u3po0grcabebcgu.png

"ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველო მზად არის ეუთოს წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეუზღუდავად შეისწავლონ. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კირცხალიას თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთ არის დაცული, ვიდრე „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში. „არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი - ჩამობრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ“, - განაცხადა მან.

უმრავლესობის ლიდერმა ასევე გააკრიტიკა შვედეთისა და სხვა ქვეყნების მხრიდან გამოხატული შეშფოთება და აღნიშნა, რომ იგი „არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება და აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია“.

მისი თქმით, შვედეთის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ მხარდაჭერა და შვედეთის ახალგაზრდული პარტიის მიერ საქართველოში დემონსტრანტებისთვის თავისუფლების პრიზის გადაცემა ქართული შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მაგალითს წარმოადგენს. „მათ შორის, ძალადობრივ რადიკალებზე პრიზის გადაცემა მიკერძოებასა და ქართულ პოლიტიკაში უხეშ ჩარევაზე მიუთითებს“, - განაცხადა კირცხალიამ.

კირცხალიამ შვედურ მხარეს მოუწოდა, ყურადღება საკუთარ პრობლემებზე გაამახვილოს და დასძინა, რომ საქართველოს მიერ გამოხატული შეშფოთება „ფაქტებსა და სტატისტიკას ეყრდნობა“, მაშინ როდესაც საქართველოს მიმართ კრიტიკა რეალურ საფუძველს მოკლებულია.

"საქართველოს, როგორც თქვენ პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოს და მის მმართველ გუნდს, ნამდვილად გვაქვს შეშფოთების მიზეზი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება.

იქნებ დაგვეხმაროთ და განგვიმარტოთ, თქვენს მსგავსად, ჩვენც შეცდომაში ვართ შეყვანილი, თუ თქვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს ის პრობლემები და გამოწვევები, რაზეც ხმამაღლა მიდის საუბარი? მაგალითად, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად, შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა.

გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას. ასევე, შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხაროდ, თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ, დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში და სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას", - განაცხადა კირცხალია.


close დახურვა