ავერსის კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები უცნობია.
ამასთან, დღეს ავერსის კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატროშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მისი 5000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. პროკურატურის მტკიცებით, მან მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარი, რის გამოც პატიმრები გაიქცნენ.
***
1 ნოემბერს, თბილისში, ავერსის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. კლინიკის ინფორმაციით, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ. 2 ნოემბერს გაქცეული სამივე პატიმარი დააკავეს.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავდაპირველად გაქცეულ პატიმრებს პოლიციისთვის ჩაბარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "საშიში არაფერია" და მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება. მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ პატიმრები თბილისთან ახლოს დააკავეს.
პოლიციამ საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.