logo
ENG



კლინიკური კონტროლის ჯგუფს თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს

16 მარ 202017:18
3 წუთის საკითხავი
 
hof203hpsdku0ve.png

კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს კოორდინაციას გაუწევს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე  მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კლინიკური კონტროლის ჯგუფი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებში მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს და სამედიცინო პერსონალს შესაბამის რჩევებს გაუზიარებს.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გეგმის მიხედვით მოქმედებს და კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ეფექტურ ღონისძიებებს ახორციელებს. მან ასევე მოისმინა ინფორმაცია ჯანდაცვის სექტორის საჭიროებებსა და არსებულ სიმძლავრეებზე.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე ესწრებოდნენ.

 


close დახურვა