logo
ENG



კოალიცია ბავშვებისთვის პარტიებს პროგრამაში ბავშვთა საკითხების შეტანას სთავაზობს

18 სექ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 
a8wnvhjsa3t3diz.jpg

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროგრამებში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების ასახვაში დახმარებას სთავაზობს.

ინიციატივა, რომლის შესახებ დღეს, 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს, სწორედ საარჩევნო პროგრამებში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სისტემური პრობლემების ასახვას გულისხმობს.

კოალიციის განცხადებით, "სოციალური დაცვის სისტემის, სოციალური მუშაობის სფეროში არსებული სისტემური გამოწვევებისა და ბავშვის უფლებების დარღვევების რეაგირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ხშირად არაეფექტური მუშაობის პირობებში, საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას".

ამ პრობლემებს შორისაა სოციალური დაცვის სისტემასა და სოციალური მუშაობის სფეროში არსებული გამოწვევები; ოჯახის გამაძლიერებელი პროგრამების სიმწირე; სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი; ბავშვების ინსტიტუციური ზრუნვის ტენდენციები ნაცვლად მათი ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის შესაძლებლობებით უზრუნველყოფისა; ბავშვთა მიმართ ძალადობა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები და სხვა.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის, თქმით, კოალიციის წევრი ორგანიზაციები აპირებენ, ინდივიდუალურად შეხვდნენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც შესაბამის სურვილს გამოთქვამს:

"ილუზია არ გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ დადებული პირობა 100%-ით შესრულდება, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რაზეც ჩვენ გვინდა, მათ პასუხისმგებლობა იგრძნონ," - თქვა ანა აბაშიძემ ბრიფინგზე.

ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარების პროგრამის კოორდინატორის ცირა ბარქაიას თქმით, ორგანიზაციებმა შეიმუშავეს ანგარიში, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით 10 ძირითად მწვავე საკითხს მოიცავს.

"ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, უზრუნველვყოთ კონსულტაციები და რეკომენდაციები პარტიებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში," - თქვა ცირა ბარქაიამ.

 

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის 2012 წელს შეიქმნა. ის ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე 49 ორგანიზაციას აერთიანებს და ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის სისტემის გამართვას ისახავს მიზნად.

 


close დახურვა