logo
ENG



კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის: აჭარის ტელევიზიაში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა

15 თებ 202011:20
3 წუთის საკითხავი
 
wbfbcv2mqn1p7zm.jpg

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის აჭარის ტელევიზასა და რადიოში განვითარებული მოვლენების შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ შესაძლოა, ახალმა მენეჯმენტმა სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომელთა ნაწილი.

განცხადების თანახმად, ტელევიზიაში მედიის თავისუფლების დარღვევის რისკები არსებობს.

„მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითარებული პროცესები საგანგაშოა. 2019 წლის აპრილიდან დღემდე ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვები არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ. დღეს კი არსებობს რეალური საფრთხე ახალმა არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა შეცვალოს საშტატო ნუსხა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომელთა ნაწილი. 

ვფიქრობთ, რომ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და მოიცავს როგორც მედიის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს.

ჩვენ, კოალიციის წევრი ორგანიზაციები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში კვლავაც ჩავერთვებით და დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, მეორეს მხრივ კი ჩვენ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ გამოხატვის თავისუფლების გარანტიების შენარჩუნებაში დახმარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციის ხელმომწერი ორგანიზაციებია:

კოალიციის წევრი ორგანიზაციებია:

  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის“;
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია;
  • რეგიონული მაუწყებლების ქსელი;
  • ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია;
  • მედიაკლუბი;
  • ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო“
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ამავე თემაზე საგანგებო განცხადებას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები აშკარად ტელევიზიის კრიტიკული სარედაქციო დამოუკიდებლობის ჩახშობასა და კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნას ემსახურება.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ, საბჭომ ახალ ხელმძღვანელად გიორგი კოხრეიძე დანიშნა. თანამშრომელთა ნაწილი არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ კოხრეიძის არჩევა საფრთხეს შეუქმნიდა არხის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას.

აღსანიშნავია, რომ კოხრეიძის არჩევის შემდეგ არხი ტელევიზიის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ნათია ზოიძემ დატოვა. იქამდე კი არხიდან წავიდნენ ჟურნალისტები ზვიად ქორიძე და მარინა ვაშაყმაძე.

გარდა ამისა, ახალი გენერალური დირექტორი შტატების გაუქმებას აპირებს და კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ათავისუფლებს. აჭარის ტელევიზიასა და რადიოში 4 სამსახურის უფროსს მოადგილე აღარ ეყოლება.

ახალი ამბების სამსახურის უფროსის მიმართ დისციპლინური სამართლთალწარმოება დაიწყეს. შორენა ღლონტს ხელმძღვანელობა  ახალი ამბების სამსახურის მიერ  NDI-სთან ერთი წლის წინ გაფორმებული  ხელშეკრულების გამო ედავება.

კიდევ ერთი მწვავე საკითხი საგამოძიებო ფილმების პროექტის შეჩერებაა. საგამოძიებო ფილმების პროექტის ხელმძღვანელი ამბობს,რომ კოხრეიძემ მიზეზად საარჩევნო წელი და აჭარის მაუწყებლის საინფრომაციო სამსახურის მიმართ უნდობლობა დაასახელა.

close დახურვა