logo
ENG



კობახიძე: 2030-ში თუ ვინმე იქნება მზად EU-ისთვის, საქართველოა, ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე

29 აგვ 202313:53
3 წუთის საკითხავი
clock 644

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით კონკრეტული წლის დასახელება "მნიშვნელოვანია" თუმცა "დაზუსტება სჭირდება, თუ ვისზე ვრცელდება თარიღი".

28 აგვისტოს, სლოვენიაში სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირი და მისი წევრობის მსურველი ქვეყნები 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ. მან ამ კონტექსტში ახსენა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და აღნიშნა, რომ გაფართოება ოცნება აღარაა და დროა, ორივე მხარემ წინ წაიწიოს.

"ზოგადად კონკრეტული თარიღის, წლის დასახელება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ნუ ცოტა ზოგადი იყო განცხადება და ვის შეეხება 2030 წელი, ეს არის საინტერესო. არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც სტატუსი აქვთ მიღებული 18-12 წლის წინ. თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, საქმე ეხება ბალკანეთის ქვეყნებს, ეს არის სხვა საქმე ანუ. როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ დაპირება, რომ 7 წელიწადში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, დაკონკრეტდება მომავალში, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი ან ახლო მომავალში მიიღებს სტატუსს"- ამბობს კობახიძე.

ის კვლავ ამტკიცებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ "ხელშესახები პროგრესია" და დეკემბერში ყველანაირი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.

"ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იქნება თავიდან ბოლომდე პირნათელი ევროკავშირის წინაშე, ყველანაირი საფუძველი იქნება მზად იმისათვის, რომ დეკემბერში მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ყოველთვის 50/50ზე. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი"- თქვა კობახიძემ.

ამასთან, ოცნების თავმჯდომარე ირწმუნება, რომ 2030 წელს წევრობის სხვა ყველა მსურველ ქვეყანასთან შედარებით "საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად იმისთვის, რომ გახდეს წევრი ქვეყანა".

"ამ ქვეყნებს შორის, ყველა ქვეყანაზე მაქვს საუბარი, მაკედონია 18 წლის წინ გახდა კანდიდატი ქვეყანა, მონტენეგრო, სერბეთი 10-12 წლის წინ გახდნენ კანდიდატები, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია. ამ ქვეყნებს შორის 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მათ შორის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ყველაზე სწრაფი ზრდა ამ კუთხით. 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. 2030 წელს თუ ვინმეს ექნება წევრის სტატუსის პერსპექტივა, ეს იქნება საქართველო, თუმცა ჩვენ გვჭირდება მეტი კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით"- თქვა კობახიძემ.


close დახურვა