logo
ENG



კობახიძე: 2 კვირა გვაქვს, ვიდრე არ არის გაუქმებული მანდატები, მანამდე შეიძლება მოლაპარაკება

16 დეკ 202023:10
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: 2 კვირა გვაქვს, ვიდრე არ არის გაუქმებული მანდატები, მანამდე შეიძლება მოლაპარაკება

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შესაძლოა, ის პარტიებიც მივიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ვინც დაწერა მანდატებზე უარის განცხადება. პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას იგი აზუსტებს, რომ ამისათვის მინიმუმ 10-დღიანი ან 2-კვირიანი ვადა აქვთ, სანამ საბოლოოდ გაუქმდება ოპოზიციონერების მანდატები.  

"დარჩენილია ზოგ შემთხვევაში 10 დღე, ზოგ შემთხვევაში 2 კვირა, ამ დროის გამოყენებაც შეიძლება პროდუქტიულად. ვიდრე არ არის გაუქმებული მანდატები, მანამდე შეიძლება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. რომ იყოს გაუქმებული, ამ შემთხვევაში მოლაპარაკებას აზრი არ ექნებოდა.

დღეს რვავე პარტიის დეპუტატები ითვლებიან დეპუტატებად, ვიდრე ეს პროცედურა არ დაიწყება, გარკვეული დროა განსაზღვრული რეგლამენტით, 2-კვირიანი სივრცე გვაქვს, შედგეს მოლაპარაკება და მივაღწიოთ შეთანხმებას", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

დღეს, 16 დეკემბერს პარტია ლელოს არჩეულმა დეპუტატებმა უარი თქვეს მანდატებზე. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მათ უკვე შეიტანეს საკანონმდებლო ორგანოში. მანამდე, ენმ - ძალა ერთობაშიას ბლოკში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაია მიმართეს პარლამენტს მანდატების გაუქმების თხოვნით. 

მოქმედ მანდატებს ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ გირჩის სამი და მოქალაქეეების ორი დეპუტატი ინარჩუნებს. მათ აქვთ მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დასრულება კვლავ შესაძლებელია.


close დახურვა