logo
ENG



კობახიძე: ISFED-ის ინფორმაცია, უბნების 8%-ში ბიულეტენების ზედმეტობაზე, კიდევ ერთი სიყალბეა

17 დეკ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშულებს. კობახიძე ამტკიცებს, რომ ISFED-ის ინფორმაცია, უბნების 8%-ში ბიულეტენების ზედმეტობაზე, სიყალბეა. 

დღეს, 17 დეკემბრის ბრიფინგზე კობახიძემ ამის არგუმენტად ორგანიზაციის მიერ უბნების მონაცემების არგასაჯაროება და ცესკოს განსხვავებული მონაცემები დაასახელა. 

"დაახლოებით 1 კვირის წინ მოვუწოდეთ სამართლიან არჩევნებს, გამოექვეყნებინა იმ უბნების მონაცემები, სადაც, მათი მტკიცებით, ხმების ზედმეტობა იყო. ამ მონაცემების გამოქვეყნებას 1 დღე სჭირდებოდა, თუმცა ორგანიზაციას მონაცემები ჯერაც არ გამოუქვეყნებია. 

სინამდვილეში, ქვეყნის მასშტაბით იმ უბნების საერთო რაოდენობა, სადაც ზედმეტობა დაფიქსირდა, ცესკოს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე იყო დაახლოებით 1%, ხოლო დაზუსტების შემდეგ გახდა, დაახლოებით, 0,5%. 

უკვე ნათელია, რომ PVT-ის ანალოგიურად, 8%-იანი მაჩვენებელი არის სიყალბე რაც ამძაფრებს ხელოვნური მანიპულაციის ეჭვებს", - ამბობს კობახიძე.

სამართლიანი არჩევნები 1-ლი ნოემბრიდან ამტკიცებს, რომ დისბალანსი უბნების 8%-ში გამოვლინდა. ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ მონაცემზე გავლენა, მათ შორის, არც პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებასა და შეცვლას მოუხდენია.

თუმცა, მას შემდეგ, რაც 11 დეკემბრის საღამოს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა, მმართველი გუნდი ორგანიზაციის დისკრედიტაციას ცდილობს და აცხადებს, რომ სწორი არც ISFED-ის სხვა მონაცემები იქნება. ქართული ოცნება გამოძიებაზე ლაპარაკობს, რომელიც, მათი თქმით, ISFED-ის მიმართ უნდა ჩატარდეს, რათა გაირკვეს, ორგანიზაციამ შეცდომა მიზანმიმართულად დაუშვა თუ უნებლიეთ.

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ (PVT) დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ შეცდომა პროგრამაში არასწორმა ფორმულამ გამოიწვია.


close დახურვა