ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ სამართალდამცავების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები აქციებზე გამოვლინდა. "რაც შეეხება სამართალდამცავების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, ფაქტები ძალადობრივი მიტინგების დროს ნამდვილად დაფიქსირდა რაც ხელისუფლებამ მყისიერად დაგმო" - თქვა "ოცნების" პრემიერმა ბრიფინგზე, სადაც "მოსკოვის მექანიზმში" მოცემულ რეკომენდაციებს გამოეხმაურა.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ანგარიში არ ასახავს საქართველოში მიმდინარე ობიექტურ რეალობას და ანგარიშის ავტორმა ვერც აქციებთან დაკავშირებით გააკეთა სწორი დასკვნები.
"ანგარიში მიუთითებს რადიკალური ოპოზიციისა და ძალადობაში ჩართული აქტივისტების მრავალრიცხოვან მინიშნებებზე წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ. ობიექტური შემფასებელი მხედველობიდან არ გამოტოვებდა იმ გარემოებას, რომ ძალადობის ორგანიზატორები და მოძალადეები ბუნებრივად იყვნენ დაინტერესებული, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობა დაებრალებინათ. თუმცა, ანგარიშის ავტორმა ობიექტური პოზიციის დაკავება ვერც ამ შემთხვევაში მოახერხა და ამგვარი პოლიტიკური და ინდივიდუალური ინტერესი ვარაუდის დონეზეც არ ახსენა.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორმა თავად წამების ვერცერთი ფაქტი მტკიცებითი ფორმით ვერ დაადგინა, სიტყვა "წამებას" ის, მართალია არა მტკიცებითი ფორმით, მაგრამ მაინც, ანგარიშში მრავალგზის იყენებს.
რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, ამგვარი ფაქტები ძალადობრივი მიტინგების დროს ნამდვილად დაფიქსირდა, რაც ხელისუფლებამ მყისიერად დაგმო", - განაცხადა კობახიძემ.
