logo
ENG



კობახიძე: ბაქრაძის დანიშვნის შემდეგ ლოგიკურია, მთავრობამ პრეზიდენტზე სარჩელი გაიწვიოს

01 სექ 202217:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/01/b2lmcg4j6ii69l1.png

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გაეროში ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნის შემდეგ ლოგიკურია, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი გაიწვიოს.

კობახიძე ამბობს, რომ კონსტიტუციურ ნორმაზე საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს კონკრეტული ქეისის ჭრილში, ამ შემთხვევაში ეს ქეისი არ არსებობს, რადგან პრეზიდენტმა ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა.

"კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნისა და გათავისუფლებისას. რეალურად, ეს პრინციპი იქნა დაცული ამ შემთხვევაში, როდესაც დაინიშნა დავით ბაქრაძე ელჩის თანამდებობაზე, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის. მთავარი ამოცანა იყო ბუნებრივია კონსტიტუციის დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ინსტიტუტს ემოქმედა კონსტიტუციურ ჩარჩოებში.

რაც შეეხება სარჩელს, ეს არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, შეიძლება ლოგიკურიც იყოს სარჩელის გამოწვევა, თუმცა, არ ვიცი, ამაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს, იმიტომ, რომ მოსარჩელე არის მთავრობა. თუ საჭირო იქნება, ბუნებრივია, მეც ჩავერთვები კონსულტაციებში.

იურიდიულად ასეა, რომ კონსტიტუციურ ნორმაზე საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს კონკრეტული საქმის, ქეისის ჭრილში, ამ შემთხვევაში ეს ქეისი აღარ არსებობს, იმიტომ, რომ ბაქრაძე წარადგინა მთავრობამ და პრეზიდენტმა დანიშნა.

მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ დაბრუნდა ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩებში და მომავალში ელჩები დაინიშნებიან იმ წესით, რა წესსაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ივნისის დასაწყისში მიმართა.

მთავრობა ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე.

საქართველოს მთავრობის მტკიცებით, ბოლო ერთ წელში პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები.

25 ივნისს კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი "საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ", რაც მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩებისა და დიპლომატების დანიშვნაზე პრეზიდენტის უარის კონსტიტუციურობას აფასებს. 

გუშინ, 31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა. სწორედ ამის გამო დაიწყო თავის დროზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება.


close დახურვა