logo
ENG



კობახიძე: გასულ კვირაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს

14 მარ 202311:28
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე მისულ მოქალაქეებს ნაციონალურ მოძრაობასთან აკავშირებს და აცხადებს, რომ "მომიტინგეები სპეცრაზმზე ძალადობდნენ".

ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსულმა კანონმა "ამოქმედების გარეშეც მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე, თუნდაც, ამოქმედებით შეეძლო".

"გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური ნაცმოძრაობის, გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები.

2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა: 2012 წლამდე ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე მომიტინგეები უკან [...] ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რომ სადაც არის ნაცმოძრაობა, იქ არის ძალადობა, იქნება ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. გასულ კვირაში სპეცრაზმისა და მომიტინგეების დაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს", - განაცხადა კობახიძემ.

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.


close დახურვა