ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და ამის მიზეზი ადამიანური შეცდომაა.
კობახიძე ირწმუნება, რომ მსგავსი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ქართული ოცნების კანდიდატების საზიანოდ ვლინდება:
"არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ოპოზიცია იყენებს დაუბალანსებელ ოქმებს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა, რისი მიზეზიც ადამიანური შეცდომაა.
ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზეც, რომ ამგვარი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ჩვენი პარტიისა და კანდიდატების საზიანოდ ფიქსირდება. ამასთან, ყველა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ოქმებში ფიქსირდებოდა ამჟამად ზუსტდება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც საარჩევნო პროცესში ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა",-თქვა კობახიძე.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და გაყალბდა. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც არის დაგეგმილი.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო.
იყო ე.წ კარუსელებიც. მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გაავრცელა ვიდეო, რომლითაც ჩანს, რომ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ერთმა ადამიანმა ხმა მინიმუმ 10-ჯერ მისცა.
გამოვლინდა ამომრჩევლის პირდაპირი გზით მოსყიდვის შემთხვევებიც. მედიებმა მოიპოვეს სიები, რომლითაც დასტურდება, რომ ამომრჩევლების ნაწილმა ხმა ფულის სანაცვლოდ მისცა. რამდენიმე მათგანმა ფორმულასთან სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა, რომ მათ 40-50 ლარი გადაუხადეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.