საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ, ამ დროისთვის, ქართული ოცნების რეიტინგი, დაახლოებით, 60%-ს შეადგენს. ამის შესახებ მან თუშეთში ისაუბრა, მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
იგი ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ერთადერთი ამოცანა საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვაა, რის გამოც "ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში."
"რეალური მოცემულობა, დაახლოებით, ერთი თვის წინ იყო ასეთი, რომ, ნაცმოძრაობის გარდა, ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას, ეს არის ლოგიკური. მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რამენაირად გადალახონ ბარიერი. ამ პროცესში ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში. ეს მათი უპრინციპობის გამოვლინებაა და მათი საქმეა, ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენთვის მთავარია, რომ, დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით 60%-ია ჩვენი რეიტინგი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს გამარჯვებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება", - განაცხადა კობახიძემ.