ქართული ოცნების გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს, არჩევნებზე მიღებული შედეგების შესაბამისად, მეტად და ნაკლებად ხისტი პოზიციები აქვთ.
მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოიკვეთნენ "ლუზერი" პარტიები, რომლებმაც ყველაზე მწარე მარცხი განიცადეს ამ არჩევნებზე, შესაბამისად, მისი თქმით, ამ პარტიების ერთადერთი სტრატეგია დესტრუქციაა.
"ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი", - ამბობს კობახიძე.
მისი შეფასებით, ერთ-ერთი "ლუზერი" პარტია ამ არჩევნებზე ევროპული საქართველოა, რომელსაც 10%-იანი მხარდაჭერა 4%-მდე შეუმცირდა. შესაბამისად, კობახიძის თქმით, ამ პარტიებს მეტი "მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით".
"ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. "ლუზერები", ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის ევროპული საქართველო, რომლის მხარდაჭერა ჩამოვიდა 10-ზე მეტი პროცენტიდან 4-ზე ნაკლებ პროცენტამდე. იცით, რომ სულ ხუთი დეპუტატი შედის ამ პარტიის სახელით და მათგან 4, რეალურად ბოლომდე არაა დაკავშირებული ამ პოლიტიკური პარტიის ძირითად გუნდთან და ამიტომ მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციისთვის", - ამბობს კობახიძე.
კობახიძე ამბობს, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს დესტრუქციისთვის "ნაკლები მოტივაცია აქვთ", შესაბამისად, მათთან პოზიციების შეჯერება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს უფრო მარტივად წარმოუდგენია.
"რაც შეეხება სხვა პარტიებს, უმეტესობას აქვს ნაკლები მოტივაცია. აქედან გამომდინარე პოზიციები არის შეჯერებადი და მოლაპარაკებებში შესაძლებელია წარმატების მიღწევა", - ამბობს კობახიძე.
ქართული ოცნების გენერალური მდივნის ოპტიმიზმის მიუხედავად, მისივე შეფასებით ნაკლებად "ლუზერი" პარტიებიც მთავარ მოთხოვნად ხელახალი არჩევნების ჩატარებას ასახელებენ. 8-ვე ოპოზიციური პარტია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და საპარლამენტო მანდატები მოიპოვა, არჩევნების გაყალბების პროტესტის ნიშნად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ მანამ, სანამ ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს.
მათ ასევე უარი თქვეს 21 ნოემბრის მეორე ტურებში მონაწილეობაზე, რომელშიც საარჩევნო მარათონში მარტო დარჩენილმა ქართულმა ოცნებამ 17-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო.
ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში უკვე გაიმართა.
მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვამდე ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებმა კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები ინდივიდუალურადაც გამართეს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ დრომდე არ ამხელენ, თუ რა კომპრომისულ შეთავაზებას მიიტანენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუმცა მკაფიოდ გამორიცხავენ ხელახალი არჩევნების დანიშვნის პერსპექტივას.