logo
ENG



კობახიძე: ზოგი სუბიექტი დეტალების საჯაროობას ითხოვდა, ელჩებს და ჩვენ ეს სწორად არ მიგვაჩნია

08 დეკ 202022:09
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/08/dseowukdnse57jx.jpg

ქართული ოცნების გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძე მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ სახელისუფლებო მხარე ელჩებთან ერთად მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროვებას ეწინააღდმეგება, რადგან, მისი თქმით, საჯაროობა შეთანხმების მიღწევას შეუშლის ხელს. 

"იყვნენ გარკვეული სუბიექტები, რომლებიც ითხოვდნენ დეტალების გასაჯაროვებასაც კი, რაზეც ჩვენც გამოვხატეთ საპირისპირო პოზიცია და ელჩებმაც, საბოლოო ჯამში. დეტალების გასაჯაროვება არ მიგვაჩნია სწორად", - ამბობს კობახიძე. 

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი მიანიშნებს, რომ პარტიების მოთხოვნის უკან, გაესაჯაროვებინათ მოლაპარაკებების დეტალები, პროცესის ჩაშლის სურვილი დგას. 

"თუ დააკვირდებით ვინ ითხოვს და ვინ ახორციელებს ზეწოლას კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ, დეტალების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით, მიხვდებით, რა დგას ამის უკან. როგორც კი მოხდება დეტალების გასაჯაროვება, მაშინვე საფრთხე შეექმნება მოლაპარაკებებს და მის წარმატებით დასრულებას", - ამბობს კობახიძე. 

მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროვებას მეოთხე რაუნდის გამართვამდე არაერთი ოპოზიციური პარტია ითხოვდა. მათი თქმით, ეს პროცესის მიმართ საჯარო რწმენის ფორმირებას შეუწყობდა ხელს. მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დეტალებზე საჯაროდ საუბრისგან თავს კვლავ ელჩების დაჟინებული თხოვნის გამო შეიკავებენ. 


close დახურვა