ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან, სახელმწიფო დაფინანსება უნდა შეუწყდეთ.
როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს.
"რა თქმა უნდა, ლოგიკურია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა, ამ შემთხვევაში მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პრივილეგიები, რაც უკავშირდება არჩევნებს და მიღებულ მანდატს, ეს არის მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, ამ შემთხვევაში მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზეც. ამაზე ალბათ პარლამენტი იმსჯელებს", - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა.
მასშტაბურ დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებით.
ISFED, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%.
საია-ს წარმომადგენლებმა საოლქო კომისიებში 307 საჩივარი წარადგინეს. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. ორგანიზაცია 117 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს.
ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ, 3 ნოემბერს, მემორანდუმიც გააფორმეს, რომლითაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერებმა კვირას 8 ნოემბერს 15:00 საათზე, პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია დააანონსეს.