logo
ENG



კობახიძე: იმედია მიღებული გადაწყვეტილება ეკლესიის სიძლიერის შენარჩუნებას მოემსახურება

31 ოქტ 201916:55
3 წუთის საკითხავი
 
j046376tiiyu3nd.png

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ის იმედს გამოთქვამს, რომ სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეკლესიის სიძლიერის შენარჩუნებას მოემსახურება.

„ეს იყო მთლიანად სინოდის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს უფლება და არც შესაძლებლობა რომ სიღრმეში შევიდეთ მსჯელობისას. უკეთ იცოდა სინოდმა, სინოდის წევრებმა და პატრიარქმა, თუ რა მდგომარეობა იყო შემქნილი, რა იყო გადაწყვეტილების კონტექსტი და აქედან გამომდინარე, მათ ჰქონდათ საუკეთესო შესაძლებლობა, რომ მიეღოთ მაქსიმალურად სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება ეკლესიის ინტერესებს. მთავარია ეკლესიის სიძლიერე და იმედს გამოვთქვამ, მიღებული გადაწყვეტილება ეკლესიის სიძლიერის შენარჩუნებას მოემსახურება,“ - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, საპატრიარქოსთან დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია. კილაძის განცხადებით, სახელმწიფო ეკლესიის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს.

„საპატრიარქოსთან დაკავშირებული პროცესები არის ჩვენი საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესის ქვეშ, თუმცა იმავდროულად ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკლესიის საქმეებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება, დადებითად ან უარყოფითად რაიმე დეტალებში შესვლა არ მგონია იყოს სწორი ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე და ზოგადადაც არ არის ჯანსაღი სახელმწიფოს და ეკლესიის საქმეების ერთმანეთში აღრევა. მღვდელმთავრის გადაყენებაზე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის სახელმწიფოს საქმე და ეს არ არის პოლიტიკოსების შესაფასებელი თემა საერთოდ. ალბათ ეკლესია თავად გააკეთებს განმარტებას რა კონკრეტულმა მოტივებმა განაპირობა ეს კონკრეტული შემთხვევა მეუფე პეტრესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე ეპისკოპოსობიდან განკვეთეს. გადაწყვეტილება დღევანდელი სინოდის სხდომაზე მიიღეს.

ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ განაცხადა, რომ ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება და კონკრეტული მიზეზი დაასახელა: “მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტის მხილება.“

კითხვაზე, თუ ვინ ამხილა დღევანდელ სხდომაზე, ყოფილი მღვდელმთავარი პასუხობს: “საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მამათმავლობით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე,“ 

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართა. მღვდელმთავრები საკითხებს დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში განიხილავდნენ.


close დახურვა