logo
ENG



კობახიძე: კარვების გაშლა არ იკრძალება - პოლიცია შეაფასებს როდის უნდა გაიშალოს და როდის არა

06 ოქტ 202313:10
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: კარვების გაშლა არ იკრძალება - პოლიცია შეაფასებს როდის უნდა გაიშალოს და როდის არა
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით ე.წ. კარვების კანონი საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადია და ის კარვების გაშლის აკრძალვას არ გულისხმობს.

კობახიძის თქმით, შეტანილი ცვლილებებით პოლიციას ეძლევა იმის საშუალება, რომ შეაფასოს როდის უნდა/არ უნდა გაიშალოს კარავი.

"მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია. რა თქმა უნდა შესაბამისი რეგულაციები წესდება, მაგრამ არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. უბრალოდ პოლიციას ეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ორგანულ კანონში, მათ შორის თანაზომიერების პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული და ასე შემდეგ.

ველა თვალსაზრისით ეს კანონი არის სრულად თავსებადი როგორც საერთაშორისო პრაქტიკასთან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და ზოგადად საერთაშორისო სტანდარტებთან ამ სფეროში. სწორედ ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი", - აღნიშნა კობახიძემ.

მან არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა კანონს ვეტო დაადოს, თუმცა კობახიძის თქმით, "საბოლოო ჯამში ეს მისი გადასაწყვეტია".

***

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში" ცვლილებები მე-3 მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღეს.

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.


close დახურვა