logo
ENG



კობახიძე: კლანური მმართველობაა, როცა მოსამართლეს იბარებ და მერე სჯი

24 ივლ 202213:15
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: კლანური მმართველობაა, როცა მოსამართლეს იბარებ და მერე სჯი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ სდებს ბრალს კელი დეგნანს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევასა და მოსამართლეზე ზეწოლაში. 

კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვლავ ისაუბრა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეზე, ლაშა ჩხიკვაძეზე და მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა გვარამიას საქმეზე პასუხი მოსთხოვა, შემდეგ კი საელჩოს დაფინანსებული პროგრამიდან მოხსნა. 

"წარმოდგინეთ, რომ არის რაღაც კონკრეტული საქმე, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები. შეიძლება, მე არ მომწონდეს განაჩენი ვიღაცის მიმართ. მათ შორის, იმის გამო, რომ ჩემი პოლიტიკური გუნდის წევრის, ან ყოფილი წევრის მიმართ იყოს და ა.შ.

წარმოიდგინეთ, ამის გამო მე ვიბარებ მოსამართლეს, ანგარიშს ვთხოვ, ვეკითხები, რატომ გამოიყენა ესა თუ ის სასჯელი და ამის მერე რაღაცას ვუკრძალავ. არც ვიცი, ეს რამდენად შეიძლება, იყოს სადისკუსიო თემა.

ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ხოლო როცა ამას საელჩოს თანამშრომელი აკეთებს, ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირი, უხეში დარღვევა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა. ვიღაცებს ხომ პირზე აკერიათ ეს ტერმინი, კლანი და კლანი თუ რამეა, ეს არის ზუსტად კლანური მმართველობა, როდესაც ვიღაცის მიერ განხილული საქმე არ მოგწონს, იბარებ, ანგარიშს სთხოვ და მერე სჯი. აი, ეს არის კლანური მმართველობა". - თქვა ირაკლი კობახიძე. 

მისი მტკიცებით, როდესაც მოსამართლის მხრიდან არის ბრალდება, რომ მასზე განხორციელდა "ძალიან უხეში ზეწოლა და პირდაპირ ჩარევა" და ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კითხვები ისმება, ეს შეურაცხყოფა და თავდასხმა არ არის.

"ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს წინაშე, მათ შორის, ჩვენი ამომრჩევლის, საქართველოს მოსახლეობის წინაშე. ჩვენ თუ ამ სახელმწიფოს ღირსებას და სუვერენიტეტს არ გავუფრთხილდით, მერწმუნეთ, სხვა არავინ გაუფრთხილდება“. - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

ბოლო რამდენიმე კვირაა, ქართული ოცნების წარმომადგენლები უშუალოდ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებენ. 

მმართველი პარტიიდან ფორმალურად წასული მიხეილ ყაველაშვილის მიერ გახმოვანებული ვარაუდით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და "რაღაც მოსთხოვა". მან ეჭვი გამოთქვა, "ხომ არ ხდება შანტაჟი".

მანამდე მან დეგნანს წერილიც მისწერა და თქვა, რომ "კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".

ირაკლი კობახიძემ კი ელჩს მოსთხოვა განმარტება, "მოხდა თუ არა საელჩოს მხრიდან სასამართლო სისტემაში ჩარევა, რაც დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია". 

საქმე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის მიერ სამოსამართლეო პროგრამიდან ამოშლას ეხება. ჩხიკვაძე პროგრამიდან სწორედ კრიტიკული მედიის დამფუძნებლისთვის თავისუფლების აღკვეთის შემდეგ ჩახსნეს

მოსამართლის მტკიცებით, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

მოგვიანებით, მოსამართლემ აშშ-ის საელჩოს მოსთხოვა, ამ თემაზე ახსნა-განმარტება გაეკეთებინა და კითხვაზე, რა ინტერესი აქვთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართულ სასამართლოზე მწვავე ბრალდებებით ილაპარაკონ, უპასუხა რომ "სასამართლოს ლანძღვა-გინება ტრენდული გახდა".

ბრალდებებს აშშ-ის ელჩმა უპასუხა და თქვა, რომ არავინ ცდილობს საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევას, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებები არ შეესაბამება პარტნიორობას. 


close დახურვა