logo
ENG



კობახიძე: პარტნიორებთან გვაქვს შეთანხმება, რომ დიალოგის დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ

12 მარ 202117:14
3 წუთის საკითხავი
 

ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონისა და ქართული ოცნების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა დიალოგი წარმატებით დასრულდეს. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებთან აქვთ შეთანხმება, რომ დიალოგის დასრულებამდე, დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. მისივე თქმით, კომუნიკაცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით. ქართული ოცნება, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით.

რაც შეეხება დიალოგის დეტალებს, ამასთან დაკავშირებით შეთანხმებაც გვაქვს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიალოგთან დაკავშირებით ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება. უახლოეს დღეებში დიალოგი გაგრძელდება, მას შემდეგ რაც დასრულდება ეს დიალოგი, მერე გაკეთდება განცხადება დეტალებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. დანიელსონი თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდა.

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა.


close დახურვა