logo
ENG



კობახიძე: პოლიტსაბჭო არადისტანციურადაც შეიკრიბება და ვიმსჯელებთ დიალოგის საკითხებზე

29 მარ 202117:34
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: პოლიტსაბჭო არადისტანციურადაც შეიკრიბება და ვიმსჯელებთ დიალოგის საკითხებზე

კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქართული ოცნების პოლიტსაბჭო კიდევ ერთხელ, ამჯერად არადისტანციურად შეიკრიბება და საკითხებზე იმსჯელებს.

კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე სიახლეები დიალოგში არაა და სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

„კონსულტაციები გრძელდება, ბევრი ახალი არაფერი გვაქვს, ეს სამუშაო პროცესია. გრძელდება შეხვედრები ჩვენთანაც, ოპოზიციასთანაც. ხვალ გაგრძელდება დიალოგი. გვაქვს იმედი, რომ დასრულდება შეთანხმებით, ეს დამოკიდებულია მხარეების ნებაზე და მიდგომაზე. 

გუნდთან გვქონდა შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში, ვერ მოესწრო შეკრება. დღეს არადისტანციურ რეჟიმში გაიმართება შეხვედრა და ვისაუბრებთ ყველა თემაზე, რაც უკავშირდება დიალოგს. ყველაზე აქტუალური თემები რაცაა, ყველამ ვიცით. ერთი მათგანი შედარებით უკანა პლანზე გადავიდა, მაგრამ დეტალებს ვერ გეტყვით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა. დანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს დღეიდან, 29 მარტიდან განაახლა.

ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონს საქართველოდან გაფრენა 14 მარტს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პროცესში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივა. 

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა. 

ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს. 

რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ. 


close დახურვა