logo
ENG



კობახიძე: სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორი არ ჰყავდა

05 ივლ 202312:02
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირწმუნება, რომ "სამართლებრივი თვალსაზრისით", 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორი არ ჰყავს. მისივე თქმით, სამართლებრივად "არ დგინდება ფაქტი, სადაც ორგანიზება მოხდა". 

"მე მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც აქ ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე 7-8 მარტს, მაშინ იყო პირდაპირი მოწოდებები, ორგანიზებული იყო შეკრება და უფრო მეტიც, მოუწოდეს ადამიანებს, რომ ალყა უნდა შემოერტყათ პარლამენტისთვის. ამ ალყას შემდეგ მოყვა ძალადობრივი აქტები. თუ დაბალი სტანდარტით გავყვებით, რასაც თქვენ ითხოვთ, დასაჭერია გიორგი ვაშაძე, სხვა ლიდერებიც. სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორი არ ჰყავდა. დღემდე ეს სამართლებრივი მოცემულობაა, თუ შემდეგ რამეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი", - განაცხადა კობახიძემ.

როდესაც მმართველი გუნდის ლიდერი თავისი სიტყვების გამართლებას ცდილობდა, მაგალითად მან კოკა მორგოშია მოიყვანა, თითქოს მას ძალადობისკენ მოწოდება არ გაუკეთებია:

"დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს რას, კოკა მორგოშიას რომ მოეწოდებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, წადით ამა და ამ ადგილას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ ამა და ამ ადამიანს".

5-6 ივლისის ძალადობიდან 2 წლის თავზე ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან.

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და Tbilisi Pride-ის ოფისები, დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს.

5 ივლისის ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისის დილას TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა. 

ძალადობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა. 5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველი იყო.

ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, მცირე რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული. საქმის ფარგლებში 30-მდე ადამიანი დააკავეს, თუმცა, დაკავებულებს შორის არ ყოფილან ძალადობის ორგანიზატორები - ალტ-ინფოს ლიდერები.


close დახურვა