logo
ENG



კობახიძე: ყველანაირ ორიენტაციაში იგულისხმება პოლიტიკური, თუმცა არამარტო

11 ივნ 202314:39
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კვლავ დისკრიმინაციულ ტერმინებს იყენებს და ახალგაზრდებს "ორიენტაციაარეულს" უწოდებს. მისი თქმით, ამაში იგულისხმება პოლიტიკური და "სხვა ტიპის ორიენტაციაც".

"აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც აქვთ მართლა ყველანაირი ორიენტაცია არეული, ყველანაირ ორიენტაციაში, პირველ რიგში, იგულისხმება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ორიენტაცია, თუმცა არამარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისხმება. მათ აქვთ, პირველ რიგში, პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული.

ერთი რამ მინდა, რომ ასევე ვთქვა, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეს ახალგაზრდები გააიგივონ ჩვენს ახალგაზრდობასთან ზოგადად. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ქვეყანას, ეს ყველამ იცის, ჰყავს ღირსეული ახალგაზრდობა, გამორჩეული ახალგაზრდობა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი და ეს არის დაუშვებელი. ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც აქვთ არეული ორიენტაცია არ არიან, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა", - განაცხადა მან.

გუშინ, მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სტუდენტებს "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ირაკლი კობახიძე სიტყვა "ორიენტაციაარეულს" უწოდებს მისთვის არასასურველ ახალგაზრდებს. ქართული ოცნება ხშირად ცდილობს, მათთვის არასასურველი ადამიანების თუ ჯგუფების მარგინალიზაციას ჰომოფობიური განწყობების წახალისებით.

ქართულმა ოცნებამ სიძულვილი კამპანია დაიწყო 7-8 მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ, რომელსაც კობახიძემ "ორიენტაციაარეული" რამდენჯერმე უწოდა.


close დახურვა