ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საბჭოს გაფართოების დოკუმენტზე დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ ეს განცხადება - "პასუხისმგებლობის აღებაა კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ".
საუბარია ევროკავშირის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნებზე საქართველოს შესახებ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე დღეს გამოქვეყნდა - დოკუმენტში ხაზგასმულია რეპრესიული კანონების მიღება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებები.
ამაზე პასუხად, ქართული ოცნების პრემიერი ამტკიცებს, რომ რეჟიმს დაკავებული ჰყავს ის ადამიანები, რომლებიც - "პირდაპირ იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში".
"დაკავებულები არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაში. გამოდის, რომ ევროპული ბიუროკრატია პასუხისმგებლობას იღებს ამ აქტებზე, რასაც ჰქვია აქტები სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. მე, ევროპული ბიუროკრატიის ადგილას, რა თქმა უნდა, ასეთ კრიმინალურ აქტებზე პასუხისმგებლობას არ გავიზიარებდი და არ ავიღებდი.
რაც შეეხება კანონმდებლობას, თქვენ იცით, რომ საუბარია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და აქ არავითარი კრიტიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ამ კანონმა მოგვცა ყველაფრისთვის სახელის დარქმევის საშუალება და ეს იყო ამ კანონის მთავარი მიზანი. ყველაფერს დაერქვა სახელი, სახელი დაერქვა ე.წ. ენჯეოებს, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებას, უცხოურ აგენტურას დაერქვა, რეალურად, თავისი სახელი. საბოლოო ჯამში, ეს არ მოსწონს ვიღაცას ევროპულ ბიუროკრატიაში.
აქაც, მათ ადგილას, მე არ ავიღებდი პასუხისმგებლობას იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ კონკრეტული ორგანიზაციები, ე.წ. ენჯეოები და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ", - ამტკიცებს ქართული ოცნების პრემიერი.
