logo
ENG



კობახიძე აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე: წლებია უმაღლესი დონის შეხვედრები არ შემდგარა

23 თებ 202414:58
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე: წლებია უმაღლესი დონის შეხვედრები არ შემდგარა

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით "შესუსტებული იყო თითქოს ინტერესი". ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მას ჰკითხეს, ნიშნავდა თუ არა პრიორიტეტების გადალაგებას ის, რომ პრემიერი ჯერ ჩინეთის, შემდეგ კი აშშ-ის ელჩს შეხვდა. კობახიძის თქმით, "ჩვენი ხედვები არის მკაფიო, ორივე სახელმწიფოსთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა".

"პრიორიტეტები არის არა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად", - განაცხადა კობახიძემ.

აშშ-სთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში უმაღლესი დონის შეხვედრა არ შემდგარა:

"რაც შეეხება აშშ-ს, აქ წლების განმავლობაში გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეული გამოვლინება, რომ შესუსტებული იყო თითქოს ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითად, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელია. ეს გამოიხატა პროტოკოლურ საკითხებში, დაახლოებით რომ ავიღოთ, უკვე მერვე წელია უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერმინისტრს არ მიუღია მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. არის შედარების საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას".

რაც შეეხება ჩინეთს, კობახიძემ აღნიშნა, რომ პეკინის მხრიდან ურთიერთობების გაღრმავების ინტერესს ხედავენ, რაც გარკვეულ ნაბიჯებშიც გამოიხატება, მათ შორის ეკონომიკის, პირდაპირი ფრენების კუთხით:

"თქვენ ვნახეთ როდესაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული, უმაღლესი დონის შეხვედრა მოუწყვეს. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ".


close დახურვა