"ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, გეკა გელაძემ თავისი პირადი მიზეზით ისურვა სუს-ის ხელმძღვანელის პოსტის დატოვება.
"მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები და თავად არ ისურვა ამ პირად მიზეზებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს მისი საქმეა. შემიძლია, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის არის გამორჩეული პროფესიონალი. მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, რაც შემიძლია, კიდევ ერთხელ გითხრათ", - თქვა კობახიძემ.
გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დღეს დატოვა. ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან კი ცნობილი გახდა, რომ გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.
