ირაკლი კობახიძე 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პარტნიორების მხრიდან გაკეთებული "ნაჩქარევი განცხადებაა".
კელი დეგნანმა 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის როლი, ყოფილიყო სიტუაციის განმმუხტავი, პარტნიორებმა ვერ დაინახეს.
ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩის ეს განცხადება "ნაჩქარევია" და "გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს".
„ჩვენ სხვა ნაჩქარევი განცხადებებიც მოვისმინეთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჟურნალისტის დაღუპვა იყო დაკავშირებული 5 ივლისის ძალადობასთან. სამწუხაროდ, საერთაშორისო პარტნიორებიც ხანდახან აკეთებენ ხოლმე ნაჩქარევ განცხადებებს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს განცხადება არ იყო მართალი. ამ შემთხვევაშიც, ნუ, ცოტა, ასე ვთქვათ, გარკვეული ხარვეზები ამ განცხადებაში შეგვიძლია დავინახოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.
ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს დაკრძალეს.
მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ.
მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 5-6 ივლისს მათზე ძალადობის ერთერთი წამხალისებელი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, სწორედ ამიტომ არის მოთხოვნებს შორის მისი გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან.
პროტესტის ნიშნად ოთხმა ტელევიზიამ - ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და ტვ კავკასია - 14 ივლისს 08:00 საათიდან 15 ივლისს 08:00 საათამდე მაუწყებლობა შეწყვიტა.