logo
ENG



კობახიძე ევროპარლამენტარების მწვავე წერილზე: ჩვენთვის მთავარია ინსტიტუტების პოზიცია

04 მარ 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კრიტიკულ წერილს, რომლის ადრესატიც პრემიერი გახარიაა, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარები საკუთარ განცხადებებში ფრთხილად უნდა იყვნენ.

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების"  წევრი დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარის სუბიექტური პოზიცია არ გამოხატავს ევროპარლამენტის სრულ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ.

„წერილის შინაარს სამწუხაროდ არ ვიცნობთ, მაგრამ ქალბატონი მარკეტას ნებაა წერილს რა ფორმით დაწერს. რამდენიმე ევროპარლამენტარის სუბიექტური პოზიცია არ გამოხატავს ევროპარლამენტის სრულ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ. მინდა ვთხოვო, ფრთხილად იყვნენ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებში, რადგან შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის გამოიყენება, ეს კი რადიკალიზაციას უწყობს ხელს“, - აცხადებს სონღულაშვილი.

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია ინსტიტუტების პოზიცია.

„ინდივიდუალური დეპუტატების გამოგზავნის უფლება აქვთ ევროპარლამენტარებს. ჩვენთვის მთავარია ინსტიტუტების პოზიცია. ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ უმჯობესია პირველ რიგში მოვლენების განვითარებას დაველოდოთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ფაქტების შემსწავლელ მისიას. მას შემდეგ რაც სრული სურათი გამოიკვეთება, ამის შემდეგ არის მიზანშეწონილი მსჯელობა საქართველოში არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ძალის გადამეტება მშვიდობიანი აქციების დასაშლელად, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და შეუსრულებელი დაპირებები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უმწვავეს წერილს იღებს. ტექსტის შინაარსი „ფორმულასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. კრიტიკული წერილის ადრესატი გიორგი გახარიაა.

 


close დახურვა