logo
ENG



კობახიძე თავისივე წიგნში ბოიკოტის გამო დაფინანსების შეწყვეტას დაუშვებლად მიიჩნევდა

23 დეკ 202018:33
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/23/fk0shassctgcqbg.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, რომელსაც ეკუთვნის კანონპროექტი მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაუქმების შესახებ, სამართლის სტუდენტებისთვის დაწერილ სახელმძღვანელოში საპირისპიროს ამტკიცებს. 

კობახიძე 2008 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოში "პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი" წერს: 

"დაუშვებელია, პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე მის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების განაწილების უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს პარტიების მიმართ გამოხატული საზოგადოებრივი მხარდაჭერის ხარისხი და არა მათი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში".

თავისივე მოსაზრების საპირისპიროდ, კობახიძემ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს იმ პარტიებისთვის, რომლებიც მოპოვებული საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. 

კობახიძის კანონპროექტით, სახელმწიფო დაფინანსება მომდევნო წელს შეუწყდებათ იმ პარტიებსაც, რომელთა სიით გასული დეპუტატების ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას, რაც პარტიებს საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესაძლებლობას უზღუდავს. 

კობახიძემ კანონპროექტის იდეა მას შემდეგ წამოაყენა, რაც ყველა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიამ საჯაროდ განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების გამო საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყოდა და საკანონმდებლო ორგანოში არ შევიდოდა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უკვე საჯაროდ მიმართა პარლამენტს სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით. 

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სინამდვილეში "წამახალისებელი" მექანიზმია და არა სადამსჯელო. კობახიძემ თქვა, რომ ამით მმართველმა გუნდმა ოპოზიცია "სწორი გადაწყვეტილებისკენ" წაახალისა, რადგან, თავად მიიჩნევენ, რომ ბოიკოტისა და საპარლამენტო მანდატების გაუქმების გადაწყვეტილება ოპოზიციურ პარტიებს დააზარალებს.  

კანონპროექტი გააკრიტიკა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმაც. ელჩმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება არცერთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ოპოზიციის შეზღუდვას ითვალისწინებს. 

პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღების შემდეგ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მმართველი გუნდი კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებამდე ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნას დაელოდება, რათა ამით კრიტიკის ყველანაირი საფუძველი წაართვას პოლიტიკურ ოპონენტებს. 

თავად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კი კობახიძის გადაწყვეტილება უკან დახევად შეაფასეს. 

უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტის განხილვა იანვრის ბოლოს განალხდება, მას შემდეგ, რაც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია თავის დასკვნასა და რეკომენდაციებს შესთავაზებს ქართული ოცნების ერთპარტიულ პარლამენტს. 


close დახურვა