ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპული სოციალისტების ლიდერის, ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე ამბობს, რომ მმართველ გუნდში ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია, ჯერ-ჯერობით არ აქვთ და "უნდა იმსჯელონ".
"ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. თავის დროზე ვენეციის კომისიას ჰქონდა შენიშვნა ამ საკითხზე. ისინი ამბობდნენ, რომ არცერთი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს ხმის უფლების გარეშე. ზოგადად, პრობლემური საკითხია. არ ვიცი, უნდა ვიმსჯელოთ", - ამბობს ის.
ინჯიას ინიციატივით, არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლებით საქართველოს იმ მოქალაქეებმაც უნდა ისარგებლონ, რომლებსაც არა ID ბარათები, არამედ ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები აქვთ.