ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიიდან ფორმალურად წასული ოთხი დეპუტატი აღარ არის პარტიის წევრი, მაგრამ ისინი კვლავ რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად. ასე ხსნის კობახიძე იმ ფაქტს, რომ აღნიშნული დეპუტატები ქართული ოცნების გასვლით ღონისძიებას დაესწრნენ.
"ისინი აღარ არიან ჩვენი პარტიის წევრები შესაბამისად ფრაქციის წევრები, მაგრამ ისინი რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად. ყველა ქვეყანაშია გავრცელებული ეს პრაქტიკა. აუცილებელი არაა, რომ უმრავლესობა შედგებოდეს ერთი პარტიის წევრებისგან. მათ აქვთ ნათქვამი, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს საპარლამენტო ინიციატივებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კობახიძემ.
მმართველი პარტიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შეხვედრაზე, რომელიც კაჭრეთში ჩატარდა და სადაც, მათი განცხადებით, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძეც იმყოფებოდნენ.
სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა მმართველი პარტია 29 ივნისს "მეტის თქმის საბაბით" დატოვეს. მალე მათ გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა.
ქართული ოცნებიდან წასვლის შემდეგ ოთხეული აქტიურად აყენებს შეურაცხყოფას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და ელჩს, კელი დეგნანს. ისინი ავრცელებენ ანტიდასავლური კონსპირაციების თეორიებს. მათ მიერ გავრცელებულ თეორიებს და ნარატივებს ეთანხმება და იზიარებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე, მმართველი პარტიის ჯერაც მოქმედი სხვა წარმომადგენლები.