logo
ENG



კობახიძე რუსულ კანონზე: დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ

03 აპრ 202417:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/03/m26arc50yzpj077.jpg

"დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები გაევროპულდნენ", - ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების მიერ დაინიცირებულ რუსულ კანონზე.

მთავრობა კობახიძის ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ირწმუნება, რომ კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს "მთელი რიგი უხერხულობებისგან".

განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"პრემიერმინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვასაჯაროებთ. გარდა ამისა, ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. სრულად გამჭვირვალეა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ და გასაკვირი არაა, რომ საქართველომ ღია ბიუჯეტის ინდექსში მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

როდესაც მართალი ხარ და არაფრის გაფუჭება არ გაქვს განზრახული, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის საუკეთესო გზა მანკიერებისა და შეცდომების თავიდან ასარიდებლად. ჩემთვის სწორედ გამჭვირვალობა ნიშნავს ევროპულობას, გაუმჭვირვალობა კი - არაევროპულობას. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს გაურბიხარ და წლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებაც კი არ გსურს. ასეთ დროს, აშკარაა, რომ რაღაცას აფუჭებ და ეს რაღაც გაქვს დასამალი.

დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასთან, საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან, ომის პროპაგანდასთან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული.

ზემოაღნიშნული ქმედებების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ ყველაზე მცირე ნდობით სახელმწიფო და სოციალურ ინსტიტუტებს შორის საქართველოში. მხედველობაშია მისაღები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ზემოაღნიშნული ქმედებები მათი დონორების რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება. მჯერა, რომ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ამ მანკიერების დაძლევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

არაევროპული ძალები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის არმიღებას ლობირებდნენ, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ორუელისეული აბსურდი, რომ ომი არის მშვიდობა, შენება არის ნგრევა, წინსვლა არის უკუსვლა, ხოლო გაუმჭვირვალობა არის ევროპა. როდესაც ქართულ საზოგადოებას ცხოველების ფერმად განიხილავ და მისთვის ამ მასშტაბის სიცრუის მიყიდვას ცდილობ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ იმ მწირ ნდობასაც კარგავ, რაც მანამდე გქონდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.

საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს", - წერს კობახიძე.

***

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.

მან პარტიის ვრცელი განცხადება წაიკითხა, სადაც უმრავლესობა კვლავ თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს და მათგან დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი დღეს დაინიცირდება და "სამივე მოსმენით სესიის ბოლომდე იქნება მიღებული".

***

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.


close დახურვა