მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს გადაადგილება უჭირს. ამ მიზეზით გადაიდო დღეს, 2 მაისს დაგეგმილი სასამართლო პროცესიც. ისინი სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.
პარალელურად კი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "სააკაშვილმა კეთილი ინებოს, მიიღოს ცილა და დამთავრდება ყველაფერი".
მან ასევე იხუმრა, რომ სააკაშვილმა "რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რაღაც განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ".
"ყველანაირი პროდუქტით არის უზრუნველყოფილი კონკრეტული პატიმარი.ბუნებრივია ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება, დანარჩენი არის თავად პატიმრის პასუხისმგებლობა.
მარტივად გვაქვს აქ საქმე, მას შეუძლია, მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას. კეთილი ინებოს, მიიღოს და დამთავრდება ამით ყველაფერი.
ვერ იღებს ან არ იღებს, რას ჰქვია? თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. არ აქვს ეს გამოცხადებული. რაც შეეხება იმას, რომ ვერ იღებს, მე არ ვიცი, რატომ ვერ უნდა ჭამდე კვერცხს ან ხაჭოს ადამიანი. ეს მე არ ვიცი და ამ დეტალებში ვერ შევალ. რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და არ ჭამდე ხაჭოს, ამ დეტალებში მე ვერ შევალ. ჭამოს კვერცხი და ხაჭო და დამთავრდება პრობლემა.
მე მგონი, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რაღაც განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ. ეს ხუმრობით. ეს შეიძლება, იყოს მარტივი, წინასწარ განსაზღვრული გეგმა. შეიძლება, ზუსტად იმიტომ არ იღებდა ცილას, რომ მერე ეს დიაგნოზი დაგისვან. ასეთ რაღაცებში ჩვენ ვერ შევალთ". - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის "გადაცემა ან გათავისუფლება გამორიცხულია, ხოლო იმას, ვინც ამას ითხოვს, "საქართველოს ომში ჩართვის მიზანი ამოძრავებს".
"ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ქვეყნის არევისთვის და ძალიან დამსახურებულად იხდის სასჯელს, უნდა იყოს იქ, სადაც არის მისი ადგილი". - თქვა კობახიძემ.