ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს შორის არსებითი სხვაობა არ იქნება.
კობახიძის მტკიცებით, ხელისუფლებას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუმცა მისივე თქმით, გადაწყვეტილების ცვლილების პრაქტიკული შანსი არ არსებობს.
"ყველამ იცის, ჩვენც ვიცით და ოპოზიციამაც იცის, აქაც ფეიკ კამპანიას აწარმოებენ იმაზე, რომ შეიძლება, რაღაც შეიცვალოს, არის მხოლოდ თეორიული შანსი იმის, რომ რაღაც მოხდეს. პრაქტიკული შანსი ამის არ არსებობს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც გარკვეული არიან საბჭოს საქმიანობაში და გამოაქვთ ინფორმაცია, უკვე თქვეს, რომ კომისიის გადაწყვეტილებას გაიმეორებს საბჭო. ამ დღეებში რაიმეს შეცვლის არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. არასწორი მოლოდინი შექმნეს, რომ კიდევ ერთხელ ემოციები გაახურონ. ეს არის რეალობა...
კომუნიკაცია არ წყდება, ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები არიან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ევროკავშირის წარმომადგენლებთან. რაც შეეხება იმას, ვიზიტი, რომ გააკეთო ამ ორ სამ დღეში, ეს არაფერს შეცვლის. ყველაფერი კეთდება, მაგრამ ყველას ესმის აბსოლუტურად, რომ კომისიის გადაწყვეტილებას შორის და საბჭოს გადაწყვეტილებას შორის არსებითი სხვაობა ვერ იქნება"- ამბობს კობახიძე.
17 ივნისს, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა.
24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
ევროპული საბჭოს სავარაუდო გადაწყვეტილების შესახებ გუშინ რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, "ევროპული საბჭოს საბოლოო სამუშაო ვერსიის თანახმად: „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე აცხადებს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება".
იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, საჭიროა 27-ვე ქვეყნის თანხმობა.