„კობახიძე სუსტი ყოფილა მათემატიკაში,"-ეს განცხადება დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, თუ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე ხმების 45%-ს ვერ აიღებს, კოალიციის შექმნა გართულდება და შესაძლოა, შეუძლებელიც კი გახდეს. გოცირიძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" არარეალური მოლოდინები აქვს.
„თუ ოცნებამ 45% მოაგროვა, ეს ნიშნავს, რომ სხვებმა 55% მოაგროვეს. ანუ, ხელისუფლება სწორედ გაერთიანებული პოლიტიკური ძალების მიერ იქმნება. ასე რომ ძალიან სასაცილო მაგალითი მოიყვანა. 45% მათთვის საოცნებოა. გულში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს 45%-ს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი 6-ს, თუმცა ეს ასე არ იქნება,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
მათემატიკის ცოდნას უწუნებს კობახიძეს ეკა ბესელიაც და მიიჩნევს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის რესურსი არსებობს, მაგრამ არა კობახიძის ფორმულით.
„ეს არის ღია აღიარება იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ზუსტად იცის, 2020-ის არჩევნებზე უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. ამიტომ ეძებს რა იქნება საუკეთესო ფორმულა გადაარჩინოს საკუთარი ხელისუფლება და დარჩეს. კოალიციის რესურსი არსებობს, მაგრამ უფრო სხვა ტიპის კონფიგურაციის. ყველა ბოლო პერიოდის კვლევა და საარჩევნო შედეგი აჩვენებს, რომ მოსახლეობას არც „ქართული ოცნება“ მოსწონს და არც „ნაციონალური მოძრაობა.“ საზოგადოება ეძებს სხვა არჩევანს, ეს არის 50%-ზე მეტი. ამიტომ ჩვენ ვეცდებით ახალი საარჩევნო ცენტრის ფორმირებაზე ვიმუშაოთ,“ - განაცხადა ბესელიამ.
ირაკლი კობახიძეს არ ეთანხმება ასევე ოპოზიციის წევრი აკაკი ბობოხიძე, თუმცა იმედი აქვს, რომ მისი პროგნოზი გამართლდება.
„რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, თუმცა იმედი მაქვს, რომ მისი პროგნოზი გამართლდება და „ქართული ოცნება“ კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს. თუმცა ის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს კოალიციის შექმნას, არ ნიშნავს იმას, რომ ამას სხვებიც ვერ გააკეთებენ. მე იმედი მაქვს, რომ პროდასავლური პარტიები შევქმნით კოალიციას და გავისტუმრებთ ამ მთავრობას,“ - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული განცხადებები ირაკლი კობახიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა.
როგორც კობახიძე ამბობს თუ ერთპარტიული უმრავლესობა ვერ შედგა, კოალიცია ისევ ან „ქართული ოცნების,“ ან თეორიულად „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ უნდა ჩამოყალიბდეს.
კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა „ქართული ოცნება“ „ევროპულ საქართველოსთან.“ კობახიძე პარტიის სახელით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი თანამშრომლობა საზოგადოებისთვის ძალიან გაუგებარი იქნება.
„საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს,“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია, ამიტომ ის, რაც საზოგადოებისთვის გაუგებარია, არც უნდა შედგეს,“ - აღნიშნა მან.