logo
ENG



კობახიძე ღარიბაშვილზე: ადამიანურად ძალიან დასანანია, რაც ხდება

23 ოქტ 202511:25
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/23/ee949bknm7yu41j.png

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ამბობს, რომ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ "რაც ხდება, ადამიანურად ძალიან დასანანია".

"ამ თემასთან დაკავშირებით მე არ ვაკეთებ არავითარ კომენტარს. ადამიანურად ძალიან დასანანია რა თქმა უნდა, ის რაც ხდება. ზოგადად, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები.

ასეთი შეკითხვებით მიმართეთ შესაბამის უწყებებს. გიმეორებთ, არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას, თუ გაინტერესებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებას გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერზე გიპასუხებენ.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლას, მე შემიძლია დაგპირდეთ და პირობა მოგცეთ, რომ შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი"- თქვა კობახიძემ.

***

სუს-ის ცნობით, ანტიკორუფციულ ბიუროში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. სუს-ის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. 

ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა არ უპასუხა კითხვას, დაკავებულია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პრემიერის თანამდებობას 2-ჯერ იკავებდა.

მანამდე, სუს-ში ამავე საქმეზე ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ ყოფილ სუს-ის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კობა ხუნდაძე დააკავეს და საქმის ფარგლებში, მისი სახლიდან დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს.

კერძოდ, პროკურატურის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის კობა ხუნდაძის სახლიდან ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული თანხა, ჯამში - 1 319 300 დოლარი.

ასევე, ყოფილი მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის სახლიდან ამოღებულია 2 904 900 დოლარი.

საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებშიც - ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის, ასევე, მათთან დაკავშირებული საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკების შედეგად სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა ამოიღეს.

კობა ხუნდაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ სუს-თან თანამშრომლობით "ინტენსიურად აგრძელებენ გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით".


close დახურვა