logo
ENG



კობახიძის ანტილიბერალური, ანტიდასავლური, პოპულისტური გამოსვლა უნგრეთში

25 აპრ 202412:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/25/ruh2pd47wwbij5v.png

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიქტორ ორბანის ორგანიზებულ ანტილიბერალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, ტრიბუნა კი ძირითადად ანტიდასავლური, ჰომოფობიური და პოპულისტური განცხადებებისთვის გამოიყენა.

მან გაიმეორა არაერთი პროპაგანდისტული ფრაზა, რომელსაც რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ იყენებს.

"ე.წ ლიბერალები განსაკუთრებული ენთუზიაზმით იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ. ე.წ. ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას პროპაგანდით ებრძვიან, რომელსაც მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში უროზე ბევრად დიდი ძალა აქვს", - თქვა მან.

გარდა ამისა, კობახიძემ თბილისში მიმდინარე პროტესტის დისკრედიტაციაც სცადა.

"დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი თავდასხმის  განსაკუთრებული სამიზნეა. ორიოდე დღის წინ ქართულმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები: მამული, ენა სარწმუნება, სიტყვებით: მამული, ენა, ერთობით შეცვალეს და ამოიღეს სიტყვა რწმენა", - განაცხადა კობახიძემ.

მის პოპულისტურ გამოსვლაში, კობახიძემ ყურადღება გენდერულ ინდეტობაზეც გაამახვილა და თქვა, რომ "რამდენიმე ათეული წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა მოუწევდათ". 

"ე.წ. ლიბერალების პოზიციის მიხედვით, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მყარი გენდერული იდენტობა და ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თავად უნდა ირჩევდეს საკუთარ სქესს, ბავშვსაც კი უნდა ჰქონდეს სქესის არჩევის უფლებაო. ე.წ. ლიბერალებისთვის მიუღებელია გენდერულად განსაზღვრული ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ქალი და კაცი ან დედა და მამა.

რამდენიმე ათეული წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ასეთ საკითხებზე მოგვიწევდა სერიოზულად მსჯელობა. თუმცა, ფაქტია, რომ ამ თემებზე დღეს არა მხოლოდ სერიოზული მსჯელობა წარიმართება, არამედ ყველა, ვინც საპირისპირო პოზიციას გამოხატავს, ზუსტად ისევე ხდება დევნის ობიექტი, როგორც წარსულში ბოლშევიკები დევნიდნენ მოაზროვნე ადამიანებს და ეკლესიის მსახურებს. საზოგადოდ, ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.

ე.წ. ლიბერალისთვის სინამდვილეში სრულიად უცხოა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება და შემწყნარებლობა. ამ მიდგომის გაგრძელებაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანია, რომელსაც ე.წ. ლიბერალები აქტიურად აწარმოებენ. ნარკოტიკები ადამიანში მოაზროვნე ინდივიდს კლავენ და მას ღირებულებებისგან დაცლილ სუბიექტად აქცევენ", - თქვა კობახიძემ.

 


close დახურვა