პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად, დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დამატებით პირდაპირ რეისებს დანიშნავენ.
"როგორც მოგეხსნებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას. შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე. რამდენჯერმე გაიზარდა ფასები.
მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული, დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ყველაფერს გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს უზრუნველყოფილი მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ დაბალი ფასებით", - თქვა კობახიძე.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა UEFA-ს პორტალზე იქნება შესაძლებელი.
საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.