logo
ENG



კობახიძის პასუხი ოპოზიციას: გთავაზობთ კლასიკურ დებატებს და არა შოუს

18 ნოე 202015:02
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძის პასუხი ოპოზიციას: გთავაზობთ კლასიკურ დებატებს და არა შოუს

ქართული ოცნება ოპოზიციის შეთავაზებას არ იღებს და ისევ საკუთარ ინიციატივას აჟღერებს დებატებში მონაწილეობაზე. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ მიერ შეთავაზებული ფორმატი "კლასიკური დებატია", ოპოზიციის ინიციატივა ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობაზე - "შოუ".

"ჩვენ ოპოზიციას ვთაზობთ კლასიკურ დებატებს და არა შოუს. ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ინიციატივა პირველად გაჟღერდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, ჩვენ მზად ვართ, მათ მივანიჭოთ ერთგვარი ექსკლუზივი დებატების ორგანიზებაზე.

შეგვიძლია დავსხდეთ კონრეტულ ტელევიზიაში და მშვიდ გარემოში, ერთად გავცვალოთ არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო რაიმე არსებითი ხარვეზი ამ არჩევნებში. თუ მათ არ აქვთ შიში სიმართლის მიმართ, ისინი უნდა დასთანხმდნენ კლასიკურ დებატებს", - ამბობს კობახიძე. 

ოპოზიციური პარტიები, ევროპული საქართველო, ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, გირჩი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართულ ოცნებასთან დებატი ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით უნდა მოეწყოს.

პარტიების განცხადებით, დებატები შესაძლებელია მოეწყოს შემდეგ კვირას, ისეთი ფორმატით, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ.

მანამდე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია დებატებში მიიწვია. ეს ინიციატივა მან რუსთავი 2-ზე, გადაცემა "ღამის კურიერის" წამყვანებს გააცნო და შესაბამისი ფორმატი შესთავაზა. კობახიძის თქმით, იგი ოპონენტებს დებატებში დაარწმუნებს, რომ საარჩევნო დარღვევები "სპეკულაციებია". 

"გთავაზობთ რომ შევქნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები და გარწმუნებთ, რომ დამტკიცდება ყველა მათი მანიპულაცია და სპეკულაცია", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 


close დახურვა