განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიან ეროვნულ გამოცდას არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების საშუალება მიეცემა.
სამინისტროს განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.
კოვიდინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.