ქართული ოცნების პოლიტიკური რეკლამის არგანთავსების გამო, მაუწყებლობის კანონის დარღვევის მიზეზით, კომუნიკაციების კომისიამ მთავარ არხს წერილობითი გაფრთხილება მისცა.
კომისიის განცხადებით, მთავარმა არხმა პარტია ქართულ ოცნებას მეორე ტურის დროს უარი უთხრა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, რითიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია.
ქართული ოცნების საჩივარშია ნათქვამია, რომ წერილობითი მტკიცებულების მისაღებად, ოცნებამ ოფიციალურად მიმართა მთავარ არხს უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების თხოვნით და წარუდგინა ვიდეორგოლები, რომლებიც წინასაარჩევნო რეკლამისთვის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, არხის იურისტმა თამთა მურადაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ კანონში უფასო პოლიტიკური რეკლამის შესახებ მუხლში ამოსავალი წერტილი არის პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დროის არადისკრიმინაციული გადანაწილება, რაც მთავარი არხის უარით არ დარღვეულა.
"სამწუხაროდ, კომისიამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რაც შესაძლოა, მომავალში იყოს უფრო მძიმე გადაწყვეტილების პრეცენდენტი და პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, მათთვის მთავარი იყო დარღვევის დადგენა, რომ შემდგომ უკვე ედავა სასამართლოში", - ამბობს იურისტი მთავარი არხის ცნობით.