საავტორო უფლებების ნაწილში ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი მარეგულირებელმა კომისიამ წარმოებაში მიიღო.
მაუწყებელი "ფორმულას" გადაცემა "ფსკერის" იუმორისტული სკეტჩის გამო ჩივის. მომჩივანი მხარე, "ფორმულას" 3 პუნქტით ედავებოდა, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებით, დავა მხოლოდ ერთი - საავტორო უფლებების პუნქტით გაგრძელდება.
ფორმულას იურისტები ამბობენ, რომ თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს რაიმე პრეტენზია აქვს, სასამართლოს უნდა მიმართოს და არა მარეგულირებელ კომისიას. კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ამბობს, რომ კომისიას განხილვისას შინაარსში ჩარევა არ მოუწევს, თუმცა, "ფორმულას" ადვოკატების თქმით, ეს მაინც მოხდება, რაც, მათივე განმარტებით, გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.
გადაცემის წამყვანი მიმდინარე პროცესს ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებს. ნიკა ქავთარაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა, კომისიამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ სანქციები გამოიყენოს.
"არ ეხება საქმე საავტორო უფლებებს, ეს ეხება იმას, რომ დაუშვან პრეცედენტი და ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს პრეცედენტი იქნა დაკმაყოფილებული კომისიის მხრიდან, ეს იქნება უამრავი ასეთი შემოტევის საბაბი და სხვადასხვა მიზეზით გვეტყვიან, რომ მაგალითად, შეიძლება უფლება აღარ გვქონდეს, იუმორისტულ გადაცემაში გამოვიყენოთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლოგო, რომელიმე პოლიტიკოსი, რადგან ისიც, ასე ვთქვათ, სავაჭრო ნიშანია. ეს არის შინაარსში ჩარევა, რაც არ უნდა იძახოს კომისიამ, რომ არ ერევა", - განაცხადა ქავთარაძემ.
მარეგულირებელი კომისიის სხდომას სამარცხვინო უწოდა ფორმულას გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემ. როგორც მან აღნიშნა, თუ კომისია "ფორმულას" სანქციას დააკისრებს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სხვა მედიებსაც საფრთხე ემუქრებათ.
"ფაქტიურად დაიწყო მედიაცენზურა და ჩვენ ვადევნებთ თვალს უკვე რაღაც ტენდენციას - როდესაც ხელისუფლებას რამე არ მოსწონს რომელიმე არხის სარედაქციო პოლიტიკაში, რაღაც საავტორო უფლებების დაცვის მიზნით ხდება ხოლმე რაღაც საქმის წარმოების დაწყება და შემდეგ ეს პროცესები კარგად არ მთავრდება. ჩვენ მაინც გვქონდა კომისიის მხრიდან გონიერების იმედი, რადგან კახა ბექაურის გარდა იქ არიან სხვა ადამიანებიც, მაგრამ სამწუხაროა, რომ მათ ბექაურთან ერთად, ერთხმად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. იმედს ვიტოვებთ, რომ არსებითი განხილვის დროს არ მოხდება ჩვენი სანქცირება. თუ ეს პრეცედენტი დადგა, ეს არის საფრთხე, რომელიც არა მარტო ფორმულას, არამედ ნებისმიერ არხს ემუქრება უახლოეს მომავალში", - განაცხადა ზურაბ გუმბარიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია ფორმულას იუმორისტულ გადაცემას კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. საქმე ეხება გადაცემა "ფსკერის" საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულ იუმორისტულ სატირულ სკეტჩს.