logo
ENG



კომიტეტზე, სადაც სამხედრო სამსახურის გადავადებას განიხილავდნენ, დაპირისპირება იყო

27 თებ 202314:08
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე საუბარი იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საკითხზე, როდესაც ერთ-ერთმა მოქალაქემ სავალდებულო გაწვევის კონტექსტში სიტყვა "მონა" გამოიყენა, რასაც დეპუტატების მხრიდან ხმაური მოყვა.

პარტია გირჩის აპარატის თანამშრომელმა, რუსუდან აბუაშვილმა თქვა, რომ სამი წლის განმავლობაში ბიბლიურ თავისუფლებაში მუშაობდა ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებაში ეხმარებოდა. როგორც მან თქვა, ის ახალგაზრდები ცდილობდნენ, რომ არ ყოფილიყვნენ "განა პატრიოტები, როგორც არამედ მონები". სწორედ ამ სიტყვების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ აბუაშვილს გამოსვლა შეასწყვეტინა.

"მოდიოდა ყველანაირი ადამიანი, მათ შორის თქვენი კოლეგების შვილები და ნათესავები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები და მე მათ ყოველთვის ვეხმარებოდი. ყველა ჩვენგან მიდიოდა ბედნიერი. როგორც ქალბატონმა თამარ ჩარკვიანმა თქვა ისინი შეფურთხებულები და მოღალატეები კი არ იყვნენ, მათ თავიანთი ცხოვრება ჰქონდათ და სჭირდებოდათ დახმარება, რომ ეპოვათ ყველაზე მარტივი გზა, როგორ გადაივადებდნენ და უშველიდნენ თავს და ერთი წელი არ იქნებოდნენ განა პატრიოტები, როგორც თქვენ ამას ამბობთ, არამედ მონები, რომლებიც ერთი წელი უფასოდ შლაგბაუმს გააღებდნენ", - თქვა აბუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძემ გირჩის წარმომადგენელს მიმართა, რომ მონებად არ მოიხსენიოს ისინი, ვინც სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდის.

ამას მოჰყვა დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის პროტესტი, რომ მსგავსი ტერმინი მანაც გამოიყენა:

"დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. როცა ადამიანს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ ამუშავებენ, მონობაა".

სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა ალექსანდრე რაქვიაშვილსა და დეპუტატ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის, რომელიც წარსულში გენერალური შტაბის უფროსი იყო.

"მე არც პროექტი მომწონს, მაგრამ კატასტროფაა, რასაც გირჩი ამბობს... მე მინდა რეფორმირებული, NATO-ს დონის ჯარი, მაგრამ არა გაუქმება ჯარის", - თქვა თამარ ჩარკვიანმა.

რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია გაითიშა, თუმცა დაპირისპირება დარბაზში კვლავ გაგრძელდა.


close დახურვა