პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 10 ხმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია.
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა მხოლოდ კომიტეტის 4-მა წევრმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კომიტეტმა 10 ხმით გია ცაცაშვილის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე, ასევე 10 ხმით, მაია ზარიძის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია.
ცესკოს წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობზე გია ცაცაშვილთან ერთად, წარმოდგენილი იყო ლელა ტალიურის, კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო მაია ზარიძესთან ერთად წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო ერთი წევრი წინააღმდეგი იყო.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 ივნისს თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ჟვანიამ თქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, გაყალბებაში მონაწილეობა კი თავად ჟვანიამ მიიღო.