უპილოტო საფრენი აპარატების, Bayraktar TB-2 მწარმოებელი თურქული კომპანია, Baykar უკრაინაში 100 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას ჩადებს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ჰალუქ ბაირაქტარმა კიევში გამართულ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, თურქული დრონების მწარმოებელი ქარხანა წელიწადნახევარში აშენდება და ჯამში 300 ადამიანს დაასაქმებს.
"საწარმო საშუალებას გაძლევთ ააწყოთ ორი ტიპის საბრძოლო თავდასხმის დრონების სრული წარმოების ციკლი - Bayraktar TB2 და Bayraktar Akinci", - თქვა ბაირაქტარმა.
აღსანიშნავია, რომ დრონები უკრაინული წარმოების ძრავებით იქნება აღჭურვილი.
უკრაინაში ბაირაქტარების წარმოების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე შედგა. 2022 წლის თებერვლის დასაწყისში მას ხელი მოაწერეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთანავე, თურქეთის ხელისუფლებამ Baykar-ს უკრაინაში დრონების წარმოების ლიცენზია 2023 წლის ივნისში მისცა.