logo
ENG



კომუნა მზესუმზირა: შრომის ინსპექცია უტიფრად იტყუება

24 ივლ 202013:56
3 წუთის საკითხავი
 
dkys98evx8hbmn7.jpg

კომუნა "მზესუმზირა" ტყუილს უწოდებს შრომის ინსპექციის არგუმენტებს, რომელიც ამ უკანასკნელმა ღონისძიების ორგანიზატორების დაჯარიმების ასახნელად წარმოადგინა. 

"მზესუმზირა" აღნიშნავს, რომ შრომის ინსპექციას მათგან თანამშრომლებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარების ოქმი ან დეზინფექციის პროცედურების ჩატარების დადატურება არ მოუთხოვია.

„იმ რეგულაციების დასაცავად, რომელიც ჯანდაცვის სამინსტროში გამართულ შეხვედრაზე გაგვაცნეს, ჩვენი ტერიტორიის შესაბამისი აღჭურვა და ღონისძიებისთვის მომზადება დავავალეთ კომპანია Geosafty-ის, რომელმაც უზრუნველყო დაემონტაჟებინა ტერიტორიაზე :

1. ხელის დისპენსერები
2. დეზობარიერები
3. სპეციალური ნაგვის ყუთები
4. სპეციალური ამომცნობი და საინფორმაციო ნიშნები
5. გააკეთა ტერიტორიის სრული დეზინფექცია ივენთის დაწყებამდე
6. ივენთზე მომუშავე სტაფს ჩაუტარა ინსტრუქტაჟი ვირუსის შესახებ
7. მოგვამარაგა სრული ეკიპირებით, რომლითაც აღჭურვილი იყო სტაფი ნებისმიერ წერტილში, იქნებოდა ეს ბარი, კარის რიგები, დაცვა და ა.შ

პოსტს თან ერთვის ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფოტოები და წერილობითი მასალა, რომელშიც ჩანს, რომ შრომის ინსპექცია უბრალოდ უტიფრად იტყუება და ცდილობს, თავიდან აირიდოს პასუხიმგებლობა უკანონოდ დაწერილ ჯარიმებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კომუნაში აღნიშნავენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ღონისძიებამდე გამართულ შეხვედრაზე უთხრეს, რომ მათ არავინ მოედავებოდა 2 მეტრიანი დისტანციის დაუცველობაზე, თუ ადამიანების რაოდენობის განსაზღვრის პრინციპი დაცული იქნებოდა:

„ამ ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი შეხვედრაზე აფიქსირებდა, რომ ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ დისტანციის სრულად დაცვა, ივენთის მიმდინარეობისას, ყოველ წუთას ვერ მოხდებოდა, რაზეც მათ გვიპასუხეს, რომ თუ ტერიტორიის კვადრატულობასა და ადამიანების რაოდენობის განსაზღვრის პრინციპი იქნებოდა დაცული, კონკრეტულად იმაზე, რომ ყველგან ვერ იქნებოდა დაცული 2 მეტრიანი დისტანცია, არავინ მოგვედავებოდა. მით უმეტეს, თუ ვაწარმოებდით ინტერნეტით აქტიურ კამპანიას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიცავთ ყველა წესს.
ასევე ბარის შემთხვევაში - მივიღეთ ზუსტად იგივე პასუხი, რომ ამ კუთხით სპეციფიკიდან გამომდინარე პრობლემები არ შეგვექმნებოდა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები, მაისის თვიდან დაწყებული, იმართება ყოველკვირეულად. სამწუხაროდ, შრომის ინსპექციას მხოლოდ ახლა გაახსენდა თავისი 'ფუნქცია' და დაიწყო ჯარიმების გამოწერა. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან“, - აღნიშნავენ კომუნაში.

ცნობისთვის „მზესუმზირამ“ 23 ივლისს განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამი იყო, რომ კომუნა 17 ივნისს გამართული ელექტრონული მუსიკის ღონისძიებისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს.

გუშინვე შრომის ინსპექციამ განცხადება გაავრცელა, სადაც „მზესუმზირასა“ და სხვა ობიექტების დაჯარიმების მიზეზები არის ახსნილი.

იმ ობიექტების მიმართ, სადაც გამოვლენდა ისეთი შეუსაბამობები, რომლებიც იყო განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ახალი კოროვანირუსის გავრცელების თვალსაზრისით, შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 


close დახურვა