კომუნა "მზესუმზირა" მუსიკალური ფესტივალი "ეზოს" გადასარჩენად დახმარებას ითხოვს.
მიზეზი პანდემიაა, რის გამოც, როგორც ხელმძღვანელები ამბობენ, მზესუმზირა ზამთარს ვერ გადაიტანს.
"მზესუმზირას კეთება 7 წლის წინ დავიწყეთ 30-მდე ადამიანმა. ჯერ რამდენიმე პატარა შეკრება მოვაწყვეთ. ბოლოს კი, „ეზო ფესტივალზე“ მრავალათასიანი ჯგრიალით გავაგრძელეთ. გვგონია, რომ ჩვენი ხასიათიც გვქონდა და განსხვავებული ხედვაც.
ჰოდა, არ ვიცით, კიდევ გვექნება თუ არა. ამ პანდემიის პირობებში, ჩვენც ძალიან გავიჭედეთ. რაც შეგვეძლო ვქენით, მაგრამ დიდი შანსია, გვირაბის ბოლომდე ვეღარ მივატანოთ. ეგრე ჩუმად გაქრობაც არ გვინდა. ამიტომ, ესეთი რამე ვიფიქრეთ: თუ შენთვის „მზესუმზირა“ ძვირფასია და გინდა, მის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა. შეგიძლია რამდენიმე რამე გააკეთო და სანაცვლოდ საჩუქრებიც მიიღო.
რამდენიმე პაკეტი გვაქვს, რომელიც ჩვენც დაგვეხმარება და, იმედი გვაქვს, შენთვის საინტერესო რამეებსაც შეგახვედრებს. თუ არაფერი მოგეწონა, ან მაგდენით დახმარება არ შეგიძლია, შემოწირულობებსაც ვიღებთ - მანდვე შეგიძლია, რამდენიც შეგიძლია, იმდენი მოგვცე. ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია - ფული ფულად და ისედაც, მხარდაჭერაც ბევრს ნიშნავს. თუ ფინანსურად ვერ გვეხმარები (რა გასაკვირია, ყველანი გაჭედილები ვართ), ლინკის გაზიარებაც საქმე იქნება.
მადლობა დიდი და, იმედია, „ეზოზე“ შევხვდებით", - წერია მზესუმზირას განცხადებაში.