logo
ENG



კომუნიკაციის ეროვნული კომისია: კანონში ცვლილებები არ ეხება მედიას და ტელევიზიას

07 ივლ 202011:52
3 წუთის საკითხავი
 
fqu84s50sqv5hij.jpg

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების დარეგისტრირებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონში ცვლილებები არ ეხება მაუწყებლობის შესახებ კანონს და კავშირი არ აქვს არც მედიასთან და არც ტელევიზიასთან.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კანონპროექტი ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და მაუწყებლობასთან კავშირი არ აქვს.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს და შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან. აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები, კანონპროექტის მიხედვით, ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები, მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.

რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას. აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან“, -ნათქვამია განცხადებაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა - შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

 


close დახურვა